鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

პანელური დისკუსია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR

პანელური დისკუსია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და IPR

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

გაინტერესებს საუნივერსიტეტო განათლების პარალელურად როგორ შეისწავლო გლობალურ ბაზარზე, ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიები?

მაშინ, გელოდებით დისკუსიაზე, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია - საქანიმას, პოსტპროდუქციის კომპანია "POSTRED"-ის, კინოსტუდია "ენკენი ფილმს"-ის, სტუდია GARNAMATAC-ის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

Disney, Warner Bros., Universal Pictures, HBO, NETFLIX, Paramount Pictures, Sony Pictures, Nickelodeon არის იმ საერთაშორისო სტუდიებისა და ბრენდების არასრული ჩამონათვალი, რომელთა პროდუქციაზეც ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ.

აღნიშნული პროფესიების შესწავლას არ აქვს წინაპირობები. შემოქმედებით ინდუსტრიებში წარმატებულ არაერთ პროფესიონალს აქვს აკადემიური განათლება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, ბიზნესი, კომუნიკაციები, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, მათ შორისაა, კარიბის ზღვის მეკობრეების პროდიუსერი Jerry Bruckheimer, Warner Bros. და Walt Disney Studios ხელმძღვანელი სხვადასხვა წლებში Alan F. Horn.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დასახელებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია, ისევე როგორც მათში გამოყენებული და მათთვის სპეციალურად შექმნილი მუსიკა, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგია. იქმნება და იყიდება ფილმებთან თუ მათ პერსონაჟებთან დაკავშირებული უამრავი ნივთი: სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, პოსტერები, სტიკერები. შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან შეხება გვიწევს ყოველთვის, როდესაც სხვადასხვა შემოქმედებით პროდუქტს ვიყენებთ თუ ვქმნით.

მოწვეული სპიკერები გაგაცნობენ როგორც საკუთარ გამოცდილებას, ისე საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს. გექნებათ საშუალება, ჩაერთოთ კითხვა-პასუხის სესიაში და მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ახალი პროფესიების შეძენისა თუ კარიერული განვითარებისთვის. ასევე, განხილული იქნება ინტელექტუალურ საკუთრებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

მოწვეული სპიკერები:

  • ბესო კაჭარავა - POSTRED-ის დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი, ასევე, POSTRED Academy-ის ლექტორი "ხმის დიზაინის" კურსზე. მან ვანკუვერის ფილმის სკოლა დაამთავრა ხმის დიზაინის მიმართულებით, შემდეგ საკუთარი კომპანია "POSTRED" დააარსა საქართველოში და, თავის გუნდთან ერთად, უამრავ საინტერესო პროექტზე იმუშავა ჰოლივუდიდან, მათ შორის ისეთ გამორჩეულ კომპანიებთან, როგორებიცაა NETFLIX, HBO, Paramount Pictures, Sony Pictures, Universal Pictures და ა.შ. ბესო ფილმების გარდა, ანიმაციებისთვის, ვიდეო თამაშებისთვის, და ინსტალაციებისთვის ქმნის ხმის დიზაინს. ის მოგიყვებათ, თუ როგორ აძლევს ხმის დიზაინი საშუალებას მაყურებელს იმოგზაურონ ჯადოსნურ სამყაროებში.
  • ბაჩო მებურიშვილი - კინოსტუდია "ენკენი ფილმს"-ის (Enkeny Films) თანადამფუძნებელი და პროდუსერი, ასევე, კრეატიული სააგენტო “ვოთერგანზის” (watergunz) თანადამფუძნებელი. 2019 წელს Enkeny Films გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ჰოლივუდის წამყვან ბლოკბასტერზე - Fast & Furious 9 გადაღებები განახორციელა საქართველოში და ადგილობრივ ინდუსტრიას მომავალი, მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის გაუხსნა გზა. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ადგილობრივი სტუდიებისა და დამოუკიდებელი კინომწარმოებლების მომსახურება საქართველოში და ორიგინალი ადგილობრივი კინო პროდუქტის შექმნა საერთაშორისო ბაზრისთვის. ბაჩო მიგიყვებათ კინოინდუსტრიაში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე.
  • ოთო შამუგია - სტუდია გარნამატაკის (GARNAMATAC) მმართველი პარტნიორი და პროექტების მენეჯერი. ოთო არის ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტობის კანდიდატი ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში. მას GARNAMATAC-ის გუნდთან ერთად ისეთი საერთაშორისო ბრენდების ანიმაციებზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა TAG Heuer, Hennig-Olsen, Vodafone, Lidl და Nickelodeon. ამ უკანასნელისთვის წარმოებული 3D ანიმაცია 2022 წელს ნომინირებული იყო ემიზე კატეგორიაში Outstanding Promotional Announcement. ოთოს ინიციატივით 2021 წელს შეიქმნა სწავლების VET მოდელზე დაფუძნებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა Training-for-Life (T4L), რომელიც ერთ წელიწადში ანიმაციური სფეროთი დაინტერესებულმა 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.
  • თიკა ნებიერიძე - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. თიკა აქტიურად არის ჩართული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში და ამასთან არის საქპატენტის სააპელაციო პალატის წევრი, რომელიც განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ დავებს. თიკა მოგიყვებათ ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის საავტორო უფლებების იმ ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია შემოქმედებით ინდუსტრიებში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და თავის დასამკვიდრებლად.

პანელური დისკუსია გაიმართება: 30 ნოემბერს, 13:00 საათზე (საკონფერენციო დარბაზი).

მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10 ( ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა