鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ევროპა და საქართველო - სანდრა რულოვსის ლექცია GAU-ში

ევროპა და საქართველო - სანდრა რულოვსის ლექცია GAU-ში

ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

14 აპრილს, დედაენის დღეს GAU-ს ლექციების ციკლმა სანდრა რულოვსს უმასპინძლა. საუბრის თემა იყო „ევროპა და საქართველო“. სანდრა რულოვსი, სწორედ ის ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაეუფლა ქართულ ენას. მან ლექციაც ქართულად წაიკითხა და ინტერაქციულ რეჟიმში წარმართა. 

სანდრა რულოვსმა პირველ რიგში სტუდენტებს ჰკითხა, რა ასოციაციას იწვევდა მათში სიტყვა ევროპა და აუდიტორიამ ჩამოთვალა მათ ცნობიერებაში ევროპასთან დაკავშირებული ცნებები: სტაბილურობა, უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება... სანდრამ დაუმატა უმცირესობებათა უფლებები, რადგან ევროპა ახდენს მათ სრულფასოვან ინტეგრირებას საზოგადოებაში და ქმნის ინკლუზიას. 

ევროპულ ფასეულობებზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრის შემდეგ სანდრა რულოვსმა ის ღირებულებები გამოყო, რაც საქართველოს აქვს და რისი მიღებაც ევროპას ჩვენგან შეუძლია. 

მთა და ბარი - გეოგრაფიული საკითხებით დაწყებული თემა ადამიანის ბუნებამდე მივიდა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ლანდშაფტი და ბუნებრივი პირობები მენტალობის ჩამოყალიბებაზეც მოქმედებს. დამახასიათებელ თვისებებში ექსტრემალურობა, ზოგჯერ ფატალიზმი, უკიდურესობები და ცხოვრების შავ-თეთრად აღქმა ჩამოთვალა და საზოგადოებას უსურვა, მეტი ფერი დაინახონ შავსა და თეთრს შორის. შემდეგ კი ამ მენტალობის ისეთ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომელიც ევროპელისთვის თავიდან გასაკვირი და საბოლოო ჯამში კი მისაბაძია - ქართული მეგობრობა, მეგობრები ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის... ასევე ოჯახური ახლო კავშირები, მაგალითად საქართველოში მოხუცები არ ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში და ახალგაზრდები ზრუნავენ უფროს თაობაზე. ხანდაზმული ადამიანები მთლიანად არიან ჩართულნი ახალგაზრდების ცხოვრებაში და შეიძლება ესეც კი იყოს იმის მიზეზი, რომ ჩვენში ევროპასთან შედარებით ბევრად იშვიათია ალცჰაიმერი და მსგავსი მენტალური დაავადებები მოხუცებში.

სანდრა რულოვსმა ქართული ენის, კულტურის მნიშვნელობასა და ხანდაზმულობაზეც გაამახვილა ყურადღება. „როგორც ამბობენ, პირველი ევროპელებიც დმანისში აღმოაჩინეს ანუ ევროპა ჩვენ ისტორიულად გვეკუთნის, თავიდანვე ასე იყო, მაგრამ მე მაქვს კითხვა, რამდენად გვინდა და შეგვიძლია ევროპის ნაწილი ვიყოთ?“ - დისკუსიამ სწორედ ეს საკითხი მოიცვა და საუბარი აფხაზეთსაც შეეხო, რომელსაც სტუმარმა ევროპის გასაღები უწოდა. 

GAU-ში გამართული ლექციის დამსწრე სტუდენტებმა საჩუქრად სანდრა რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი“ მიიღეს, GAU-ს მან სიმბოლურად ევროპის რუკა აჩუქა და ლექცია სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა